გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი
მეორე წელია „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ ქართულ ბიზნესს საერთაშორისო პარტნიორებთან აკავშირებს და ეხმარება საქმიან ადამიანებს თავიანთი ბიზნესის არეალის გაფართოებაში.
„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით რიგით მეორე „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ გაიმართა, რომელმაც 250-მდე დელეგატს უმასპინძლა. ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება გახლდათ თემა, რომელმაც გააერთიანა სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 23-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველად ესტუმრა მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი– ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი. „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში მოწვეულმა 15-მდე სპიკერმა და საპატიო სტუმარმა ჩაატარა მასტერკლასები ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი თემების შესახებ.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, და სხვა მაღალი რანგის სამთავრობო პირებმა.
ღონისძიებაში წელს, ისევე როგორც გასულ წელს, აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის წარმატებით წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ.

GBIF
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმს, მათ შორის GAACC–ისა და „არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივას“ შორის, ასევე GAACC–ისა და „ყაზახეთი-სლოვენიის ბიზნეს კლუბს“ შორის. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთიანი პროექტების განხორციელება.
ფორუმის ორგანიზატორების შეფასებით, ღონისძიების მთავარი მიზანი მიღწეულია. საერთაშორისო დელეგატებმა გაიცნეს საქართველო – პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო საინვესტიციო პოტენციალით. ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორებმა დელეგატებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს საერთაშორისო პლატფორმა ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად. ფორუმის მონაწილეთათვის გამართული B2B მიღების ფარგლებში ახალ თანამშრომლობებს საფუძველი უკვე ჩაეყარა, ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი კი სულ მალე შეაფასებს ღონისძიების შედეგებს.