
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე ოფიციალური მიწვევით იმყოფება პოლონეთში და საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება კრინიცას რიგით 28-ე ეკონომიკურ ფორუმს. პანელური დისკუსიის ფარგლებში ქალბატონმა ეკატერინემ მომხსენებლის რანგში ისაუბრა კონკრეტული თემის შესახებ, სახელწოდებით, „ევროპულ-აფრიკული მრგვალი მაგიდა: ერთად წარმატებისკენ“.
ჩვენი პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალმხრივ პოტენციალს, მთავრობის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს; აგრეთვე განიხილა ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას აფრიკის ვრცელი ბაზრისკენ მიმავალ გზაზე.
კრინიცას ეკონომიკური ფორუმი გახლავთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ყოველწლიურად ფორუმი აერთიანებს 4000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, წარმატებულ ეკონომისტებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსა და პროფესიონალ ჟურნალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან.