2019 წლის 16 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გაიმართა „ინდოეთის საკვები პროდუქციის დელეგაციის ფორუმი“ (IFD Forum), რომლის ოფიციალური თანაპარტნიორიც გახლდათ „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა GAACC-ის, როგორც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე ერთადერთი ქართული ორგანიზაციის, 30 წუთიანი საპრეზენტაციო სესია, რომელსაც უძღვებოდა თავად პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე. ნახევარსაათიანი პლატფორმის მეშვეობით მაქსიმალურად სრულად წარმოჩინდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და პალატის წევრი კომპანიების პროდუქცია თუ საქმიანობა, ხოლო GAACC-ის სტენდზე გამოიფინა პალატის წევრთა ბროშურები და კატალოგები.
ფორუმზე საპატიო სპიკერად წარდგა „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარე, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე, რომელსაც გადაეცა ჯილდო გამორჩეული გამომსვლელის რანგში. პალატის სახელით სამადლობელი ჯილდოები გადაეცათ IFD Dubai-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ საკიტ შარმასა და LBI Dubai-ის გენერალურ მენეჯერს, ბატონ მანუ შარმას.
IFD ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს იდეალურ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ექსპორტ-იმპორტით დაინტერესებულ ბიზნესმენებსა და კვებითი მრეწველობის სფეროში ჩართულ პირებს.
„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საზღვარგარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რათა ჩვენი წევრი კომპანიების მეშვეობით წარმოვაჩინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი თუ საექსპორტო შესაძლებლობანი. GAACC-ი თავისი წევრი კომპანიებისთვის უზრუნველყოფს პროდუქციის ეფექტურ წარმოჩენასა და მხარდაჭერას საზღვარგარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ასევე ახალი სავაჭრო ბაზრების მოძიებასა და კავშირების ქსელის გაფართოებას.